MEXIT ანუ მესის წასვლაზე
29 წლის ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მან შეცვალოს გადაწყვეტილება
ავტორი - ნინი მაზიაშვილი
ბლოგის დარეგისტრირების თარიღი
2016-07-03 13:02:34
პოსტები
1
სპორტის სახეობა
ფეხბურთი
ბლოგის დამფუძნებელი
ნინი მაზიაშვილი
ბლოგის შესახებ
ინტერნეტ სივრცეს ჯერ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე არ ჰქონდა საუბარი დამთავრებული, რომ მოულოდნელად კიდევ ერთ „გასვლაზე“ გავრცელდა ინფორმაცია. „ბარსელონას“ ვარსკვლავმა ლეო მესიმ „კოპა ამერიკის“ ფინალის წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა : „გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნაკრებში ჩემი დრო დასრულდა. ოთხი ფინალი წავაგე. მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. მე ძალიან ვცდილობდი და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ნაკრებს ტიტულის გარეშე ვტოვებ – ეს დიდი ტკივილია,” (pirveliradio.ge). თავს იდანაშაულობს? – რა თქმა უნდა. ეს განცხადება ამის დამადასტურებელია. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ- ის დაიღალა… დიახ, დაიღალა… წაგებით? უიღბლობით? – ორივე, მაგრამ ყველაზე მეტად – კრიტიკით. ალბათ, გახსოვთ წინა წლის „კოპა ამერიკა“, სადაც არგენტინამ (კვლავ) ჩილესთან წააგო ფინალი. ამას რა ამბავი მოჰყვა ეგ თუ გახსოვთ? გაგახსენებთ… მესი ჟურნალისტებისა და გულშემაკივრების კრიტიკის ობიექტად იქცა. მისი ნაკრებიდან გაძევების მსურველიც ბევრი იყო. შორს კი არა, თვითონ არგენტინაში. ყველამ ვიცით, რომ მესის ესპანეთის ნაკრებში თამაში შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. მას თავისი ქვეყანა უყვარს. კრიტიკა კი იმისგან, ვინც ძალიან გიყვარს გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, თუ ეს კრიტიკა დაუმსახურებელია. 29 წლის ლეომ არგენტინის მაისურით 113 ჩატარებულ მატჩში 55 გოლი გაიტანა, რითიც ის არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდია. „არგენტინამ ფინალი მესის გამო კი არ წააგო, ისინი ფინალში მესის წყალობით გავიდნენ“- თვითერში გავრცელდა ეს ფრაზა, რომელიც სწორედ იმაში გვარწმუნებს, რომ მის მიმართ კრიტიკა უსამართლობაა. მესიც ამ ფინალის შემდეგ ადგა და წასვლა გადაწყვიტა… ყველასთვის უკეთესი იქნებაო… მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. ბუენოს აირესის ბანერებზე გამოჩნდა წარწერა : “No Te Vayas Lio “ – არ წახვიდე ლეო. ასევე – მეტროს ჩასასვლელთანაც. აღნიშნული ფრაზა გახდა მოძრაობა, რომლის მიზანია მესის შეაცვლევინონ გადაწყვეტილება. ამას უკვე უამრავი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის, არგენტინის მთავრობაც. მათ დედაქალაქში, ბუენოს აირესში ლიონელ მესის ქანდაკება დაუდგეს. Goal.com– ის ცნობით კი 100.000-ზე მეტი ადამიანი შეკრებას გეგმავს ბუენოს აირესის ცენტრში მესის ნაკრებში დაბრუნების მოთხოვნით. მესის ნაკრებში დარჩენის მომხრეა დიეგო მარადონაც. მან თქვა : „მესი აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრებში. მისი მხრიდან გუნდის დატოვება დიდი შეცდომაა. წინ რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატია (2018 წელს) , სადაც მან საკუთარი ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვას და ჩემპიონობა მოაპოვებინოს. რა თქმა უნდა, მესმის მისი და ვიცი, რომ რთულ ფსიქოლოგიურ სიტუაციაში იმყოფება, თუმცა არგენტინას ახლა იგი ყველაზე მეტად სჭირდება.“ (jako.fm) არგენტინის პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ კი ტვიტერში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მესის ნაკრებში დარჩენა მოუწოდა... საერთოდ ასეა – არ ვაფასებთ ადამიანები იმას, რაც გვაქვს. მის ფასს მაშინ ვიგებთ, როცა ვკარგავთ. არგენტინამ დიდი ფეხბურთელი დაკარგა. რეალურად არ ვიცით, რას ფიქრობს მესი და რა გახდა მისი წასვლის მიზეზი. თუ მან კრიტიკოსები „გაახარა“, მაშინ ის დაბრუნდება, რადგან ხალხის სურვილი მის დარჩენაზე ძალიან დიდია. თუ ის საკუთარ თავს ადანაშაულებს, მაშინ შანსი 50/50-ზეა. თუ კიდევ სხვა მიზეზია, ალბათ, ის არ დაბრუნდება. მთავარია, არგენტინას უფრო მეტი შანსი აქვს, ევროკავშირისგან განსხვავებით, რომ მესი დაუბრუნდეს. უბრალოდ ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ…
ბოლო კომენტარები